ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის მიზნები:
- ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის შესაბამისი სასწავლო/საგანმანათლებლო სერვისების უზრუნველყოფა
ამოცანები:
- სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა
- მასწავლებლეთა კომპეტენციების გაძიერება ინკლუზიური განათლების სფეროში
- სენსორული დარღვევების მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
მიმდინარე პროექტები, აქტივობები, ღონისძებები:
სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა
2009-10 წლებში ცენტრმა შეიმუშავა და დამტკიცდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტის ზოგადი ნაწილის მინიმულური მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი. კურსის გავლა რეკომენდებულია ყველა სპეციალური მასწავლებლისთვის, ფსიქოლოგისა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორისთვის, რომელიც დასაქმებულია სკოლაში. დღემდე სპეციალური პედაგოგიკის კურსი გავლილი აქვს 1000 -ზე მეტ სპეციალისტს.
რეგიონული სასწავლო ტური
რეგიონში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. ტურის ფარგლებში რეგიონში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლები პრაქტიკულ კურსს გადიან თბილისის წარმატებულ ინკლუზიური სკოლებში. ტური შესაძებლობას აძლევს მასწავლებლებს სხვადასხვა რეგიონიდან, გაიზიარონ ერთმანეთის უნიკალური გამოცდილება, წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ, რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტურში 2016-17 წლებში მონაწილეობა მიიღო 56 მა სპეციალურმა მასწავლებელმა რეგიონიდან. თბილისის 10 მა წარმატებულმა ინკლუზიურმა სკოლამ უმასპინძლა ტურის მონაწილეებს. მომავალი წლიდან დაგეგმილია რეგიონის წარმატებული ინკლუზიური სკოლების, როგორც ტურის მასპინძლების, ჩართვა.
ტრენინგ მოდულები მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების თემებზე
ცენტრი შეიმუშავებს და მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგ მოდულებს ინკლუზიური განათლების სხვადასხვა თემაზე. მაგ: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგნმანათლებლო კლასში“; „სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლის მასწავლებლის პორტფოლიო“; „რთული ქცევის მართვა“; „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება“ (აღნიშნული მოდული შემუშავდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის სპეციალისტების მიერ ამავე კლინიკის ბაზაზე უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე). აღნიშნული ტრენინგ მოდულები დღემდე გავლილი აქვს 4000 ამდე მასწავლებელს. მოდულები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რომელიც ასწავლის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს და ესაჭიროება გარკვეული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.
პროესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების გაძიერების მიზნით ცენტრმა შეიმუშავა და ჩაატარა ტრენინგები სპეციალური საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტების სწავლებისას ინდივიდუალური მიდგომების შესახებ. ტრენინგები გაიარა პროფესიული სასწავლებლებსი 399 მა მასწავლებელმა.
ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა
ხშირად, ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნისა თუ შეძენილი პრაქტიკული უნარის მიუხედავად, სირთულეს წარმოადგენს კონკრეტული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლესთან გარკვეული წარმატების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს ცენტრს ინდივიდუალური კონსულტირებისთვის. ცენტრი სკოლაში გზავნის კონსულტანტს, რომელიც ეცნობა სიტუაციას მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე ეხმარება ბავშის მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლეს, კლასის დამრიგებელს, მშობელს და სხვ. ბავშისთვის რელევანტური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. ტრენინგისგან განსხვავებით ინდივიდუალური კონსულტიების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ინდივიდუალური კონსულტირების პირობებში მასწავლებლები და მშობლები სწავლობენ, კონკრეტული მოსწავლისთვის როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი, შესაბამისად, კონსულტირების შედეგი უშუალოდ აისახება მოსწავლის სწავლასა და ქცევაზე. ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამაში დღესდღეობით ჩართულია 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე და მომდევნო სასწავლო წლიდან დაგეგმილია კიდევ 20 მოსწავლის შემთხვევაზე კონსულტირება.
მხედველობის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
თემატური ტრენინგები
დაინტერესებულ პირთათვის, როგორიც არის უსინათლო ან მცირემხედველი ბავშის მასწავლებელი, სხვა სპეციალსიტი ან მშობელი, ცენტრი ატარებს ტრენინგებს:
ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდოლოგია - ამ მოდულში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თვად ბრაილის სისტემის გამოყენებით წერა-კითხვას, ასევე მისი სწავლების მეთოდებს უსინათლო ბავშებისთვის.
მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება - მასწავლებლები და სხვა სპეციალისტები ეცნობიან გარემოს მორგების, დამხმარე საშუალებების გამოყენების (მაგალითად, გამადიდებელი ლუპების ან CCTV- ის გამოყენების) და სწავლების სტრატეგიების შერჩევის გზებს მცირემხედველი მოსწავლეებისთვის.
თემატური ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირების სწავლების საკითხებზე შეუძლია გაიაროს ნებისმნიერ სპეციალისტს, რომელიც ასწავლის ან მუშაობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან ან სტუდენტთან.
ორიენტაცია-მობილობის ინსტრუქტორის მომსახურება
დღეს უსინათლო ადამინისთვის უფრო მეტად შესაძლებელია დასაქმება, პროფესიულში ან უმაღლესში ჩარიცხვა, თუნდაც გართობა, მოგზაურობა და ა.შ. ვიდრე ეს წლების წინ იყო. თუმცა არც უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვა და არც დამსაქმებელთან ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობისთვის ყველა პირობა დაკმაყოფილდა. განსხვავებით სხვა ადამიანებისგან, უსინათლო ადამიანს სჭირდება ძალიან სპეციფიური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ის ახალ გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირდეს და შეუფერხებლად ისწავლოს ან იმუშაოს.
სპეციალიტი, რომელიც ზემოხსენებულ „სპეციფიურ“ მხარდაჭერას უწევს უსინათლო პირს ნებისმიერ გარემოში ადაპტირებისთვის და დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის (სახლის, სამსახური, სასწავლებელი, ქუჩა, მეტრო და სხვა), გახლავთ მობილობის ინსტრუქტორი.
ცენტრი, ერთი მხრივ, ამზადებს მობილობის ინსტრუქტორებს - ატარებს ორდონიან ტრენინგს დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც იძენენ ინსტრუქტორის კომპეტენციას. მეორე მხრივ, უსინათლო პირებს სთავაზობს მობილობის ინსტრუქტორის მომსახურებას. კერძოდ, უსინათლო პირი მიმართავს ცენტრს, ცენტრი გამოყოფს ინსტურქტორს, ინსტრუქტორი ხვდება უსინათლო პირს და მასთან ერთად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და სამუშაო გეგმას. იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება და ინტერესი აქვს უსინათლო პირს, წარიმართება მუშაობა - ინსტრუქტორმა უსინათლო პირს შეიძლება ასწავლოს თეთრი ხელჯოხის გამოყენება, ტრანსპორტის მოხმარება, მაგ. სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება; სამსახურის, სასწავლებლის გარემოში ორიენტირება (სად არის უსაფრთხო შესასვლელი/გასასვლელი, როგორ არის განლაგებული აუდიტორები და როგორ იპოვოს შესაბამისი აუდიტორია, მერხების, სკამების, ავეჯის განლაგება, საპირფარეშო, სასადილო და ა.შ.).
აღსანიშნავია, მობილობის ინსტრუქტორის და უსინათლო პირის მუშაობას ესწრებიან და პროცესში მონაწილოებას იღებენ ორიენტაცია-მობილობის ტრენინგის მონაწილეებიც, რომლების იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას. დღემდე ცენტრში მომზადდა 14 მობილობის ინსტრუქტორი, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც სკოლებში, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრებში, მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და სხვ. და ხელი შეუწყონ უსინათლო პირების სწავლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.
საზაფხულო სკოლა ბათუმში
გერმანული ფონდის „თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრების საზოგადოება“, მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა. გერმანელი სპეციალისტები მოამზადებენ ორიანტაცია-მობილობის ინსტრუქტორებსა და უსინათლო პირთა ადრეული ინტერვენციის (რომელიც მოიცას წინასასკოლო და ადრეული სასკოლო ასაკის უსინათლო და მცირემხედველი ბავშების მომზადებას) სპეციალისტებს. ფონდი თანამშრომლობს არაერთ გავლენიან გერმანულ ორგანიზაციასთან. მათ შორისაა მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრი ‘’ბლისტა’’. საზაფხულო სკოლის განხორციელებაში ცენტრთან ერთად ასევე მონაწილობას იღებს უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანი, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების და მეცნიერების სამინისტრო. საზაფხულო სკოლა შესაძლებლობას ქმნის საქართველოს დასავლეთ რეგიონშიც მომზადდნენ დარგის სპეციალისტები, რაც შესაძლებლობას ქმნის, რომ დასავლეთში, კერძოდ კი ბათუმში შეიქმნას უსინათლო პირთა სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი სერვისები.
სმენის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
სმენის დარღვევის მქონე პირთათვის ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება არის ჟესტური ენა. ჟესტური ენის განვითარება და გამოყენების არეალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია სმენის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ცენტრმა შეიმუშავა და ატარებს ჟესტური ენის სასწავლო კურსებს როგორც თავად ყრუ პირებისთვის, ასევე მათი უახლოესი სოციალური გარემოსთვის, როგორიც არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, თანატოლები, თანაკლასელები, თანამშრომლები და ნებისმიერი პირი, ვისაც უხდება ყრუ პირთან კომუნიკაცია.
ჟესტური ენის დამოუკიდებლად სწავლის მსურველთათვის ცენტრმა შეიმუშავა ვიდეომასალა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მსურველს ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე აითვისოს ჟესტური ენა.
ცენტრმა ასევე შეიმუშავა ჟესტური ენის თარჯიმანთა კურსები და მოამზადა ჟესტური ენის 15 თარჯიმანი.
შემუშავდა და ჩატარდა ქართული ენის შემსწავლელი ტრენინგი ყრუ პირებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ჟეტურ ენას, მაგრამ ესაჭიროებათ ქართული ენის, განსაკუთრებით კი ქართული ენის გრამატიკის გაუმჯობესება.
შემუშავების პროცესშია ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, რაც შექმნის პირველადი ენის გამოყენებით (რომელიც არის ჟესტური ენა) სახელმწიფო ენის (ქართული ენა) სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობას.
No comments:
Post a Comment